logo
ENG



პრეზიდენტი ხაზარაძეს და გახარიას გაერთიანებაზე "საბოლოო კონსულტაციისთვის" სასახლეში იწვევს

16 სექ 202417:02
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში იწვევს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტი მიესალმა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას და ასევე თქვა, რომ გაერთიანებაზე მზაობა გიორგი გახარიას მხრიდანაც არსებობს.

"ორი პროევროპული ძალის ერთის მხრივ გაერთიანება - ძლიერი საქართველო, მეორე მხრივ პარტია გახარია საქართველოსთვის მათ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ.

მივესალმები დღევანდელ მამუკა ხაზარაძის საჯაროდ გამოთქმულ მზადყოფნას და ასეთივე მეორეს მხრივ მზაობას, ვიცი, რომ არსებობს გიორგი გახარიას მხრიდან.

ამიტომ, ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ფორმულას ეთერში კოალიციურ გამსხვილებაზე საუბრისას გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე მსჯელობაც არ გამორიცხა. მან თქვა, რომ მათი გეგმები "უმეტეს ნაწილში თითქმის ემთხვევა ერთმანეთს", თუმცა ახლა მთავარი კითხვაა - "იძლევა თუ არა მათი გაერთიანება სინერგიას".

"მე ყოველთვის ქვეყნის ინტერესს ვაყენებ წინა პლანზე. გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არ მაქვს, აქ ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ რაღაც საკითხებზე, ეს არ არის რაღაც ვიჩხუბეთ და ა.შ. შესაბამისად, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც გიორგი გახარიას. მის თანაგუნდელებს არაფერს ვერჩი, ჩვენი გეგმები უმეტეს ნაწილში თითქმის ემთხვევა ერთმანეთს.

მე ამას სხვანაირად ვუყურებ - ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, ეს იქნება მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის, ეს სინერგიას მოგვცემს? თუ ეს სინერგიას იძლევა და სწორედ სინერგიისთვის გადავდგით ჩვენ ნაბიჯები, როცა 4 სხვადასხვა პარტია ამ ბლოკში გავერთიანდით. ამიტომ, მინდა მაყურებელს ძალიან მკაფიოდ ვუთხრა, რომ არანაირი პიროვნული ამბები არ არსებობს, არსებობს ის - გვაძლევს თუ არა ეს სინერგიას და არსებობს - პრინციპული საკითხების გარშემო შეთანხმება, ეს არც თანამდებობას და არც კვოტების განაწილებას არ ეხება, ეს ეხება იმას, მიიღებს თუ არა რაღაც საუბარს ჩვენი ამომრჩეველი და იქნება თუ არა ეს სინერგიის მომტანი, თუ ეს სინერგიის მომტანი არ იქნება და ეს თუნდაც საუბარი დაანგრევს ვიღაცის მოლოდინს, რომელიც ჩვენს მიმართ აქვთ ან შეიძლება იმათ მიმართ აქვთ, მაშინ ამის გაკეთება არ ღირს და თქვენ კვლევებით ხედავთ, რომ დღეს 4-ვე ოპოზიციურ პარტიას არ აქვს გადალახვის პრობლემა", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

 


close დახურვა